სოზარ სუბარი დმანისის დაპირისპირებაზე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც მოხდა, არასწორი იყო, წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი

467

საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული – ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორს სუბარი განმარტავს, ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

“გუშინ ყოფით ნიადაგზე იყო კონფლიქტი, რომელსაც ძალიან ცუდი ესკალაცია მოჰყვა. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს, სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა ადამიანი დაკითხული, გამოკითხულია. მთელი ინფორმაცია მოგროვდა, იგივე ვითარებაა დღევანდელთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოპოვება ხდება და ყველა გამოიკითხება.

დაპირისპირებული მხარე არ არსებობს, ყველა ერთნი ვართ, ადამიანებთან მიდის მუშაობა. საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. შეხვედრებს ვაგრძელებთ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო და გაუგებრობა. წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი “, – აღნიშნავს სუბარი.

შეგახსენებთ, დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. ისინი გუშინ, ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.