“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარაში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურეობრივ ავტომობილებს პირად სარგებლობაში იყენებენ.
რეზო ხარაზის თქმით, გაწეული ხარჯები არამიზნობრივია და ამასთან საწვავის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი განცხადებით, საჯარო მოხელეები პირადი მიზნებისთვის ათასობით ლიტრ საწვავს ხარჯავენ.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები და გამოვლინდა, რომ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურეობრივ ავტომობილებს პირადი (არასამსახურეობრივი) მიზნებისთვის იყენებენ. სამინისტროების მიერ ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ გაწეულია ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და საწვავის არამიზნობრივი ხარჯები. გამოვლენილია უამრავი შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანები დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და ამ პირობებში დახარჯულია ათასობით ლიტრი საწვავი, რაც არამიზნობრივი ხარჯია. ასევე გამოვლინდა უამრავი ფაქტი, როდესაც უქმე და დასვენების დღეებში საჯარო მოხელეები ავტომანქანებს არ აჩერებენ ორგანიზაციების კუთვნილ პარკირებებზე და სარგებლობენ საწვავით.
საწვავის ფასმა 3 ლარს მიაღწია და ამ წლის მონაცემებით თვეში 10-12 თეთრით ძვირდება. ეს ცოტა ხანში გაუძვირებს მოქალაქეებს მუნიციპალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ფასს. ამ ფონზე საჯარო სამსახურებში თანამდებობის პირები ხარჯავენ ათასობით ლიტრ საწვავს პირადი მიზნებისთვის.
როგორც ხედავთ კვირა დღეს მთავრობის სამინისტროების და მერიის პარკინგი პრაქტიკულად ცარიელია, უფრო მეტიც ამ საქმეში მათთვის პანდემიაც არ არის დაბრკოლება და სახელმწიფო საშვით ნებისმიერი დროის მონაკვეთში გადაადგილდებიან პირადი მიზნებისთვის.
მოვითხოვთ, რომ აჭარის ხელისუფლებამ გააკეთოს ეკონომია და უარი თქვას სამსახურეობრივ ავტომობილებზე და დაზოგილი მილიონობით ლარი მოხმარდეს ხალხის საჭიროებებს”,- აცხადებს რეზო ხარაზი.