ქობულეთის მუნიციპალიტეტში ივლისიდან დაიწყება 50-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა 13 დასახლებული პუნქტისა და 10 500 ადამიანისთვის. მოგვიანებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი და 11 000 ადამიანი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ასაშენებელი გვაქვს 5 000 კილომეტრის მაღალი ხარისხის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. განახლებულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომა ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება, ეს არის 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ეს არის 140-კილომეტრიანი ქსელი, 49 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 29 000 ადამიანი, რომელიც უკვე ეზიარა ამ სიკეთეს. შემდეგი საპილოტე განხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ივლისიდან დაიწყება 50-კილომეტრიანი ქსელის მშენებლობა 13 დასახლებული პუნქტისთვის (10 500 ადამიანი). მოგვიანებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი (11 000 ადამიანი). მომავალი წლიდან, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ გადავალთ შემდეგ რეგიონებზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები. 2025 წელს ეს პროექტი დასრულდება და მოიცავს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა თურნავამ.