ფიზიკური დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოში

536

13 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ე. წ. „ღია ესტრადის“ საკითხს შეეხო.

„ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კრიმინალი ჩაიდინეს, როცა შენობის შიდა ფასადის დემონტაჟი მოახდინეს, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თორნიკე ავალიშვილმა, – მათ ჩამოხსნეს კედლები, ჭერი, კარებები. შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნდა და რაში დაიხარჯა თანხა?!

„ღია ესტრადის საკითხით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ვანდალიზმი არის ის, რაც იქ მოხდა გარკვეული პირების მიერ – დახერხილია სკამები, დაზიანებულია ელექტროგაყვანილობა, სანტექნიკა და კედლები. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება ქონების განზრახ დაზიანების მუხლით.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ შესრულებული სამუშაოები, ობიექტის ჩაბარების მომენტში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს შეესაბამებოდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული თანხები სრულად არის შესაბამისობაში შესრულებული სამუშაოების საბაზრო ღირებულებებთან. დემონტაჟი არ მომხდარა – ტერიტორია ნარჩენებისგან გასუფთავდა“.

თორნიკე ავალიშვილმა მერის პირველ მოადგილეს მატყუარა უწოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხელჩართული ჩხუბი საკრებულოს წევრებმა და მერიის წარმომადგენლებმა მალევე განმუხტეს.