მარნეულის მერიამ 8 სოფელში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების და ოთხ სოფელში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვისათვის, გამარტივებული წესით, 10 384 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „მრავალკუთხედთან“ გააფორმა. პროექტები „სოფლის მხარდაჭერის პროგრმა 2021“-ს ფარგლებში განხორციელდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ წერაქვში მოეწყობა საბავშვო სკვერი, წითელსოფელში გაფართოვდება არსებული სკვერის ტერიტორია, კეთილმოეწყობა სოფელ ხიხანის სკვერი, ახლომახმუდლოში, წერეთელსა და თამარისში მოეწყობა/რეაბილიტირდება სკვერები, სოფელ სიონში შემოიღობება გარე სივრცეში მდებარე ჭაბურღილი, ხოლო ახალ დიოკნისში შესაძლებლობების ფარგლებში გამწვანდება სკვერი და დაემატება ბავშვთა გასართობი ინვენტარი.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულების გაფორმებამდე მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა. ამასთან, მერიამ მიიღო მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის მერიას გამარტივებული წესით ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა მიეცა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება 16 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლამდე გაგრძელდა. 10 დღის განმავლობაში მარნეულის მერიის მიერ დაკომპლექტებულმა სამმა ჯგუფმა სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში გამართა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.