26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სახელმწიფო პროექტი – „განახლებული რეგიონები” წარადგინა და ბიუჯეტად 500 მლნ ლარი დაასახელა. პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება მოქმედი და მის ფარლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტისთვის ტენდერები 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერების ღირებულება 160 მილიონი ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე კვირაში კიდევ ახალი ტენდერები გამოცხადდება.
bm.ge-მ ირაკლი ქარსელაძეს ჰკითხა – უკვე შერჩეული პროექტები, რომლებიც “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხორციელდება, ახლებია თუ 2020 წლის ბიუჯეტში ისედაც იყო გათვალისწინებული, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ პროექტები ახალია.
“ინფორმაცია საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ, რომ ესენია ახალი ობიექტები და ახალი პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიერ პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული. ტენდერის შედეგად გამარჯვებულმა საპროექტო კომპანიამ უნდა შექმნას დოკუმენტაცია და შესაბამისმა სამშენებლო კომპანიამ უნდა აღასრულოს დამტკიცებული დიზაინები, რომლებიც მომზადდება”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.