„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისთვის მზადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ უკვე გალის რეგიონშიც დაიწყო. მანამდე აფხაზეთის ტურისტულ მარშრუტებში და ინფრასტრუქტურაში რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ დროიდან (2005-2009; 2014-2020) არ მოიაზრებოდა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთი მიდგომა გალისდამი, ერთი მხრივ, აიხსნება ამჟამინდელი დეფაქტო მთავრობის წინამორბედებისგან განსხვავებული ხედვით რაიონის მიმართ და დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში მისი ინტეგრაციის სურვილით. მეორე მხრივ კი, გლობალური პანდემიის პირობებში იმაზე გათვლას შეიძლება ემსახურებოდეს, რომ მოგზაურობის ჯერ კიდევ შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფხაზეთს უფრო მეტი რუსი ტურისტი ეწვევა. შესაბამისად, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას რუსი ტურისტების სავარაუდოდ დიდი მასისთვის გაზრდილი ტურისტული პოტენციალით და უკეთ მომზადებულად დახვედრა სურს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, გასულ კვირაში ოკუპირებულ გალის რაიონს აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე დავით ქაჯაია ესტუმრა, რომელმაც ადგილობრივებთან შეხვედრაზე სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე იმსჯელა. მან გალელებს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა გეგმავს სოფელ საბერიოში ახალი გზის გაყვანას და ენგურჰესის და გალის წყალსაცავის ტურისტულ მარშრუტებში შეყვანას.
„თუმცა, სათუოა, რამდენად შეეძლება რეგიონს მასპინძლობა გაუწიოს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე. როგორც ჩანს, აფხაზეთის დე-ფაქტო ტურიზმის სამინისტროს გათვლა ერთ დღიან ვიზიტორებზე აქვს, რომელთა რაოდენობამ 2019 წელს ტურისტების ნახევარი შეადგინა (517 000), ან იმათზე, ვინც აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედ სასტუმროებში რჩებიან და გალის რეგიონს შეიძლება ექსკურსიაზე ეწვიონ. თუმცა, ტურისტული სეზონისთვის ამგვარი მზადება, რაც მასპინძლობის ინფრასტრუქტურის გაშლა-განვითარებას მოითხოვს, გალის მაცხოვრებლებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ერთად გამოწვევებსაც აჩენს.
პირველ რიგში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება კორუფცია, რომლის მიმართაც გალის რეგიონის მაცხოვრებლები ყველაზე მოწყვლადები არიან, აფხაზეთის დე-ფაქტო მოქალაქეობის არქონის, და მეორე, მათი ეთნიკური იდენტობიდან გამომდინარე დისკრიმინაციის გამო. ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლების პრიორიტეტია კორუფციის შეკავება, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებში, რომლებთანაც რუს ტურისტებს ყველაზე ხშირი შეხება აქვთ“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, ე.წ. საგზაო პოლიციამ პირდაპირი დირექტივა მიიღო, არ გააჩერონ რუსეთის ფედერაციის ნომრიანი მანქანები. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გალის მაცხოვრებლები კორუფციისგან დაცული არ არიან. შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ გამოძალვის უპირატესი სამიზნეები, მით უფრო, თუ ტურისტების ნაკადი გალის რეგიონში შევა და ადგილობრივებისთვის შემოსავალს გააჩენს.
„მეორეც, ეპიდვითარება რუსეთში მიმდინარე ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც საგანგაშო რჩება. შესაბამისად, იზრდება იმის ალბათობა, რომ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ვითარებას დაამძიმებს. ამის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გალის რეგიონის და აფხაზეთის სხვა მაცხოვრებლებისთვის. სამწუხაროდ, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ ამ მიმართულებით შეიძლება მეტი წინაღობაც შექმნას. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, დეფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალისა არძინბამ გალში ადგილობრივ მედიკოსებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზეთში მცხოვრები პაციენტების რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის და სარატოვის და არა საქართველოს კლინიკებში გადამისამართება, რათა აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა „მოწინააღმდეგესთან“ შედარებით სუსტად არ გამოჩნდეს და თავიდან იქნას არიდებული ის „ცუდი ზეგავლენა,“ რასაც საქართველო აფხაზეთის მაცხოვრებლებზე ახდენს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის ტურიზმით მოტანილი შემოსავალი პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, დიდი შვება იქნება.