22 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო შვიდი საკითხი, რომელიც დამსწრეებს საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ გააცნო. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
პირველი საკითხის ირგვლივ – “2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ”, საფინანსო სამსახურის განყოფილების გამგემ, პავლე ჭყონიამ ისაუბრა.
მან თქვა, რომ 2020 წლის განმავლობაში, დამტკიცებულ ბიუჯეტში სულ ოთხი ცვლილება გახორციელდა. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის დადგენილებით, დამტკიცებული ბიუჯეტი 7 მილიონ 431 349 ლარით გაიზარდა. იმავე წლის 31 მარტის დადგენილებით, 11 693 291 ლარით, 2 სექტემბრის დადგენილებით კი, ბიუჯეტი შემცირდა 1 418 441,88 ლარით. წლის მიწურულს კი, 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით, დამტკიცებული ბიუჯეტი გაიზარდა 525 205 ლარით. ჭყონიამ, ასევე, რიცხვების მოხმობის კვალდაკვალ აღნიშნა, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ ყველა სფეროზე, ისაუბრა ბიუჯეტის შემოსავლების და ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების შესახებ. ასევე, მრავალი ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროულად შესრულების შესახებ, მიუხედავად პანდემიისა თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებისა.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რომ ყოველი გაკეთებული ზეპირი განცხადება, წერილობითაც უნდა იქნეს ასახული, რადგან ის საჯარო დოკუმენტია და ამომრჩეველმა, ხალხმა უნდა წაიკითხოს და ნახოს.
“ბიუჯეტის ანალიტიკური ნაწილი მოიკოჭლებს. ისეთი დიდი მოცულობის სამუშაოებია შესრულებული, რაოდენობით, ხარისხით, ისეთი სერიოზული ძვრებია, ეს ხალხთან უნდა მივიტანოთ. ბატონ პავლეს ვერ მოვთხოვთ ახლა ამას სხვა სამსახურებმა უნდა მიხედონ. ძალიან მომწონს გაკეთებული საქმე, მაგრამ არ მომწონს მიწოდებული მასალა. უნდა იყოს ანალიტიკური ფორმა. მე ვთხოვ ყველა სამსახურს, რომ ასე იმოქმედონ,”- თქვა ლავრენტი ბიგვავამ და იქვე შეახსენა მერიის წარმომადგენლებს, რომ გოგი დოლიძის ქუჩას სჭირდება აბრა, რომელზეც სახელდება იქნება მითითებული:
_ დამირეკეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი საათის განმავლობაში ეძება ადგილი, საიდანაც გამოძახება მოხდა. უნდა დაიდგას იქ ქუჩის დასახელების აღმნიშვნელი ფირნიში.
საკრებულომ, შენიშვნების მოსმენის შემდეგ, დაამტკიცა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და ცნობად მიიღო ინფორმაცია გასულ წელს გახორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ.
იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის შესახებ.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს დაევალათ, განსაზღვრონ საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნების წესი. რაში მდგომარეობს ეს წესი? იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი ვერ მივიდა ადრესატამდე, ის უნდა გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. ამ პროცედურის შემდეგ, ქვითარი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება,”- თქვა თავაძემ და განმარტა, რომ არის შემთხვევა, როცა კურიერი ქვითარს (გზავნილს) ვერ აბარებს პატრონს უბრალო მიზეზით – ის შინ არ ხვდება.
სხდომაზე საკრებულომ მიიღო განკარგულება ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერისთვის არსენ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ.
მეცნიერ არსენ კეჭაყმაძის შესახებ და მის დამსახურებაზე ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა. თუმცა, დეპუტატი ლევან ნინიძე არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას.
“მე კარგად ვიცნობდი არსენ კეჭაყმაძეს. ის კარგი მეცნიერი იყო, დამსახურებული მოღვაწე, თუმცა, უფრო სხვა მიმართულებით. ოზურგეთის თეატრს კი ძალიან ბევრი საუკეთესო მსახიობი ჰყავდა, ვინც იმსახურებს ხსოვნის უკვდავყოფას. უფრო ღრმად უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, რომ მერე არ გახდეს რაიმე გამოსასწორებელი, “- თქვა ნინიძემ.
ლავრენტი ბიგვავამ შეახსენა, რომ იდეა კომისიამ გააცნო თეატრის კოლექტივს და ყველა დათანხმდა – იქ წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ლევან ნინიძემ კენჭისყრაში მაინც არ მიიღო მონაწილეობა და კვლავ გაიმეორა, რომ არსენ კეჭაყმაძე იყო დამსახურებული მოღვაწე და მეცნიერი, თუმცა, თეატრის სიახლოვეს სკვერს, უმჯობესია, რომელიმე სახელოვანი მსახიობის სახელი ეწოდოს.
ცხარე კამათი გაიმართა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხებისა და პროექტების განაწილების შესახებ, მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტზე _ საკითხის ირგვლივ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა, გოჩა აბაშმაძემ ისაუბრა.
ამ საკითხმა დღის წესრიგის ყველა თემა გადაფარა.
სოფლის დეპუტატების მხრიდან, სერიოზული დავა მოჰყვა ამ პროგრამაზე საუბარს.
რამდენიმე სოფლის დეპუტატმა (ნატანები, გურიანთა, დვაბზუ) განაცხადა, რომ მათ სოფლებში ხალხს სულ სხვა პრიორიტეტებზე ჰქონდა მოთხოვნები, სხდომაზე კი, სხვა რამ გაჟღერდა.
“დვაბზუში დავიბადე და იქ საექიმო ამბულატორია არ არის. იქნებ, გამაგებინოთ, რას არემონტებენ?” – იკითხა დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა.
განსაკუთრებით კატეგორიული იყო საკრებულოს დეპუტატის გურიანთიდან მაია ზოიძე. მან თქვა, რომ რაც მითითებულია პროექტში, ის საერთოდ არ იყო პრიორიტეტი:
“მოვითხოვ, სოფლის კრება ჩატარდეს თავიდან. ხალხის მიერ დასახელებული პრიორიტეტები არ არის ასახული პროექტში”, – თქვა მან.
გოჩა აბაშმაძემ პასუხად განაცხადა, რომ არის ხარვეზები, შეცდომები, თუმცა, ისინი აუცილებლად გასწორდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ხალხი ითხოვს:
“აქ არის ხარვეზები, ზოგი რამ არასწორად წერია, თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვალოს და აუცილებლად გასწორდება ისე, როგორც მოსახლეობას სურს”, – თქვა გოჩა აბაშმაძემ.