ხელვაჩაურის ადმინისტრაციის უფროსს, რომელსაც ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი, თანამდებობა დაატოვებინეს

809

ხელვაჩაურის ადმინისტრაციის უფროსს, რომელსაც ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი, თანამდებობა დაატოვებინეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, მირზა ბახტაძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვარდმანიძემ ბახტაძეს მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

საქმე ოჯახში ძალადობის ფაქტს ეხება, რომლის დეტალები “TV25”-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. მირზა ბახტაძე ცოლმა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ანგარიშწორებაში დაადანაშაულა.

ოჯახში ძალადობის ფაქტს პროკურატურა იძიებს. სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერს ჰქონდა, თუმცა, ვარდმანიძე გამოძიების შედეგებს ელოდებოდა.

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ხელვაჩაურის მერის ნათესავია. დაზარალებულის ადვოკატს,  ეს გარემოება, იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მირზა ბახტაძეს გავლენიანი მაღალჩინოსნები მფარველობენ.

ამავე თემაზე, რეპორტაჟი “TV 25”-ის ეთერში გუშინ გავიდა. ბახტაძე, წლების განმავლობაში, ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა. საჯარო მოხელეს, 2021  წლის 11 მარტს, ბრალი ოჯახში ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს. განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კი, მას ბრალი დაუმძიმდა.