სოფელ ძველი ხიბულას 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

363

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძველი ხიბულას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სადაც ახალი სისტემები შენდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი მოხმარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების პროგრესს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მხარის გუბერნატორთან, მალხაზ თორიასთან და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და კონტრაქტორისგან დეტალური ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ შემდეგ სამუშაობზე მიიღო.

“სოფელ ხიბულაში ჩვენი სამინისტრო მუშაობს ორი მიმართულებით, ეს არის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და გზების დაგება. ამჟამად, წყლის პროექტის მშენებლობის 50% უკვე შესრულებულია. მოეწყო 13 კმ-მდე ქსელი, კეთდება რეზერვუარი და ღია წყალაღების სისტემა. შეგვიძლია ვთქვათ რომ 2022 წლის გაზაფხულზე ეს პროექტი იქნება დასრულებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლით ისარგებლებს სოფლის მოსახლეობა”,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

„დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს და მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება.

პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფელში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და 300-მდე ოჯახს სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.