პაპუაშვილი: თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება

524

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება – განცხადება ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და უარყო “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ოცნება” კალაძის შემცვლელად პარლამენტის გადამდგარ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაასახელებს. ამის შესახებ მთავარი წერს.

“არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება”, – ამბობს პაპუაშვილი.

მისივე თქმით: „როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს“

“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, – ამბობს “ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

ღუდუშაურის თქმით, თალაკვაძე ჯერ ვიცე სპიკერობის კანდიდატია და ამ თანამდებობაზე უნდა დაამტკიცონ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა. მის შემცვლელად კახა კუჭავაა წარდგენილი.