ადგილობრივი მოსახლეობა: ხარაგაულში აგრარული ბაზარი გვჭირდება

490

ხარაგაულის აგრარული ბაზარი 2020 წლის 31 მარტს დაიხურა და მას შემდეგ ბაზრის თანამშრომელთა ნაწილი ღია ცის ქვეშ ვაჭრობს. პარასკევსა და კვირას კი სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს თავიანთი პროდუქციის რეალიზება ქუჩაში უწევთ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

„ქუჩაში დგომას ყველაფერი ჯობია, – ამბობს გარემოვაჭრე ლალი შერგელაშვილი, – თავს აქ ვაჭრობით ვირჩენთ. ბაზარში ვერ შევდივართ. შიგნით ელემენტარული პირობები არ არსებობს – წყალიც კი არ არის, ხელი რომ დაიბანო. ერთი პატარა ბაზრის მოწესრიგება რა გახდა?! ზაფხული მოდის, დამსვენებლები ჩამოვლენ და მყიდველების რაოდენობა მოიმატებს“.

ხარაგაულის აგრარული ბაზრის დირექტორი ზოია ხარებაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ბაზრის ამოქმედებას ვერ შეძლებს.

„ბაზრის ასამოქმედებლად არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობა არ მაქვს. ბაზრის ადმინისტრაციის შენობა და დახლები მოსაწესრიგებელია. ამას დიდი ფინანსები სჭირდება. ბაზრის ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ადგილობრივი ხელისუფლება არასოდეს დამხმარებია. როგორც გავიგე, ბაზრის ტერიტორიის შესყიდვით ზესტაფონელი პირი დაინტერესდა“, – ამბობს ზოია ხარებაძე.

„აქ, ამ სილასა და ხრეშში რომ ვართ ჩაყრილები, არ ჯობია ერთი ლამაზი და კოხტა ბაზარი გვქონდეს, რომ სუფთად გავყიდოთ ყველაფერი?! ვინ აქცევს ამ ხალხს ყურადღებას – არაფერი კაცი, უპატრონოდ ვართ მიტოვებულები. ვის სიამოვნებს პროდუქტების ქუჩაში ყიდვა-გაყიდვა?!“ – ამბობს ხარაგაულელი გარემოვაჭრე და ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

ხარაგაულელი ნორა ავალიშვილი ბაზარს თითქმის ყოველ პარასკევს სოფლის პროდუქტების საყიდლად სტუმრობს.

„მოვაჭრეებს ნალექიან ამინდში ქოლგებით უწევთ დგომა. ამხელა ბაზარი ცარიელია და ადამიანები გარეთ დგანან. ადგილობრივი ხელისუფლება თუ მოიცლის და ამ ხალხს ყურადღებას მიაქცევს, კარგი იქნება. ბაზარი ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ სოფლიდან ჩამოსული გლეხი იქ შევიდეს და  ნორმალურად ივაჭროს“, – ამბობს ნორა ავალიშვილი.

„ბაზარი საჭირო და აუცილებელია მყიდველისა და გამყიდველისათვის. მნიშვნელოვანია, აშენდეს ან მოწესრიგეს ბაზარი. თუმცა გადასახადი დიდი არ უნდა იყოს. გლეხმა დაწესებული საწევროს გადახდა უნდა შეძლოს“, – ამბობს ბუდუ თაბუკაშვილი.

„ხარაგაულში ბაზარი რაც დაიხურა, ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენი ყოფით არ დაინტერესებულა. ორი თვის წინ თქვენი მედიაორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ხარაგაულის აგრარულ ბაზარზე წერილი. ჩვენამდე არც მას შემდეგ არავინ მოსულა. თუ ეს ტერიტორია იყიდება, მაშინ ბაზარი სხვაგან უნდა მოეწყოს, რომ ნორმალურად მუშაობა შევძლოთ“, – ამბობენ ხარაგაულის აგრარული ბაზრის ყოფილი თანამშრომლები.

„ერთი სული მაქვს, ისევ იმ დახლებზე ჩამწკრივებული დავინახო ეს ქალები. რა გახდა ხარაგაულში ერთი ბაზრის მოწესრიგება. ქუჩაში, ასფალტზე დაყრილი პროდუქტი მოსაწონია?! აქ ყველი როგორ უნდა იყიდო?! მანქანა რომ გამოივლის, მტვერი დგება“, – წუხს მანანა გელაშვილი.

რა შეუძლია გააკეთოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აგრარული ბაზრის ასამოქმედებლად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.

„რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, აგრარული ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე წერილობითი მოთხოვნა მერიაში არ შემოსულა. გეთანხმებით, რომ აგრარული ბაზრის ტერიტორია ნამდვილად მოსაწესრიგებელია. თუმცა, მოსაძებნია სამართლებრივი და ფინანსური შესაძლებლობები.

ეს სეგმენტი მთლიანად კერძო სექტორისაა. თუმცა მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი აუცილებლად გვჭირდება.

გლეხს პროდუქტები მოჰყავს და მისი რეალიზაციის საშუალება უნდა მიეცეს. დავავალებთ ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს, რომ არსებული მდგომარეობა შეისწავლონ. ამის შემდეგ, იურისტებთან ერთად, სამართლებრივ შესაძლებლობებზე უნდა ვიმუშაოთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.