ახალციხეში შპს „კეთილმოწყობიდან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სააპელაციო სასამართლოც მოიგეს

545

სააპელაციო სასამართლომ შპს „კეთილმოწყობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შედეგად შპს–ს მოუწევს გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინოს და იძულებით განაცდური საათები აუნაზღაუროს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს დაითხოვეს. მაშინ მათ სამსახურში განუცხადეს, რომ ხელშეკრულებებს ვადა ამოეწურათ და აღარ გაუგრძელებდნენ. უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა შპს „კეთილმოწყობას“ ახალციხის რაიონულ სასამართლოში უჩივლეს და პროცესი მოიგეს კიდეც.

მოგვიანებით შპს „კეთილმოწყობამ“ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სააპელაციომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, შედეგად შპს „კეთილმოწყობას“ დაავალა გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 13 აპრილს გამოიტანა.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ–ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, პავლე ათუნაშვილი აცხადებს, რომ მისთვის სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება გათავისუფლებული თანამშრომლების პოზიციებს ამყარებდა.

„ჩვენ ყოველთვის კარგად ვმუშაობდით და კობა კურტანიძის უფროსად დანიშვნამდე პრობლემაც არავისთან გვქონია. საქმის შესრულების შესახებ კითხვის დასმისას არ გვპასუხობდნენ და ამბობდნენ ჩვენ შენ ხელფასს გიხდით და რასაც გეტყვით ის უნდა გააკეთოო. ამაზე ბევრი ვიდავეთ, შემდეგ ვერაფერი მიზეზი ვერ მონახეს და 31 დეკემბერს გამათავისუფლეს. ეს გავასაჩივრეთ და მოვუგეთ სასამართლო. მე ამ სამსახურში 2009 წლიდან ვმუშაობდი. ჩვენი მოგებული პროცესი გაგვისაჩივრეს და პროცესი დღემდე გრძელდებოდა, მაგრამ ახლა 13 აპრილს ჩვენ ისევ მოვიგეთ სასამართლო“, – ამბობს პავლე ათუნაშვილი.

გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებადამცველი, ეკა აბაშიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღეში გაირკვევა გაასაჩივრებს თუ არა შპს „კეთილმოწყობა“ უზენაეს სასამართლოში.

„12 მაისიდან 21 დღეში თუ არ გასაჩივრდა გადაწყვეტილება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ამოვაწერინოთ სააღსრულებლო ფურცელი. შემდეგ შპს „კეთილმოწყობა“ თუ ნებაყოფლობით არ აღასრულებს მოუწევს იძულებით გაკეთება. უნდა მოხდეს ყოფილი თანამშრომლების დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან დღემდე“, – აცხადებს უფლებადამცველი ეკა აბაშიძე.

შპს „კეთილმოწყობაში“ აცხადებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით პოზიცია შეჯერებული არ აქვთ.

„ველოდებით ჩვენს ადვოკატს, რომ ჩამოიტანოს გადაწყვეტილება და ამის შემდგომ გადავწყვეტთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საქმესთან მიმართებაში“, – აცხადებს შპს „კეთილმოწყობის“ ამჟამინდელი უფროსი გურამ ნებაძე.

ცნობისთვის, ელექტრიკოსები პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ოთხ მეეზოვესთან ერთად გაათავისუფლეს. ოთხიდან სამმა სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს 2019 წლის იანვარში მიმართა. საქმესთან დაკავშირებით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 17 მაისს მეეზოვე დათო ლომიძის სასარგებლოდ, ხოლო 29 მაისს კი პავლე ათუნაშვილისა და ივანე დავიდოვის სასარგებლოდ მიიღო და მათი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „კეთილმოწყობამ“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რაზეც გადაწყვეტილებაც 2021 წლის 13 მაისს იქნა მიღებული და სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ.