ტალახისგან დამძიმებული “კალოშებით” სკოლისკენ – მარნეულის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში გზის დაგებას წლებია ითხოვენ

647

ხუტორ-ლეჟბადინი მარნეულიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი საუკუნეზე მეტია არსებობს, თუმც აქაურებისთვის წყალი იმდენად პრობლემურია, რამდენადაც სოფლის ამორტიზებული გზა. სიტუაცია წვიმის პერიოდში კიდევ უფრო რთულდება. ვეკილ საფაროვი სკოლაში შვილებთან ერთად დადის, ბოტებს იცვამს, უმცროსი გოგო ხელში აჰყავს და გზას მიუყვება. ვეკილი გვიყვება, რომ წლებია ადგილობრივ თვითმმართველობას გზის დაგებას სთხოვს. ამ თემაზე რადიო მარნეული წერს. 

„წვიმა რომ მოდის, ასეთ დღეშია ჩვენი გზები. ეს ხო ძალიან ცუდია? გარშემო, რასაც ვაკვირდები, ყველგან მოწესრიგებულია ჩვენი სოფლის გარდა. წლებია ეს გზა ასეთ მდგომარეობაშია. არც გაზი არც წყალი, არაფერი გვაქვს. როგორც მინიმუმ, გზა მაინც გაგვიკეთონ, წყალი რომ ნორმალურად მოვიტანოთ. მე დღიურ სამუშაოზე 20 ლარზე ვმუშაბ და იმის ნაცვლად, რომ სამსახურში ადრე გავიდე, ბავშვი სკოლაში მიმყავს. მას ხომ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული? მე მიწევს ბავშვის ხელშ აყვანა და სკოლამდე მიყვანა. ამ დროს ჩვენი სოფლის რწმუნ ებულს სახლის ჭიშკრამდე აქვს ასფალტი დაგებული. მე მხოლოდ ხრეშის დაყრას ვითხოვ, მეტს არაფერს. განცხადებით რომ მივმართავს თვითმმართველობას, პასუხად მწერენ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. რა ვიცი, როდემდე უნდა ვიყოთ ასე?”- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

სოფელს არც წყალი არ აქვს – ამას თითქმის ყველა ოჯახში მდგარი ე.წ. “უმივალნიკებიც” (პირსაბანი) ადასტურებს. ალტერნატიული გზა სასმელი წყლის მისაღებად თავადვე მოძებნეს და წყარო კუსტარულად მოაწყვეს. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენადაა წყალი სასმელად ვარგისი ამაზე არაფერი იციან. წყაროდან დასალევი წყალი მოაქვთ. დასაბანად და გასარეცხად კი არხის წყალს იყენებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გზის დაგების კუთხით ხუტორ-ლეჟბადინში წელს სასიკეთო არაფერი იგეგმება. წყლის გაკეთებას კი უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„ხუტორ-ლეჟბადინის მოსახლეობა ითხოვდა მისასვლელი გზის გაკეთებასაც, რაც 2020 წელს გავუკეთეთ. ამჟამად ტენდერია გამოცხადებული სასმელი წყლის პროექტირებაზე, დასრულებულია უკვე ტენდერი, გამარჯვებული კომპანიაც არის. დაახლოებით 22 მაისს პროექტს ჩაგვაბარებენ და შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე. ამის შემდეგ, მომავალი წლისთვის ვიზრუნებთ შიდა გზის მოასფალტებაზე“,- თქვა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის მოადგილემ, დავით მულაძემ.

დავით მუმლაძის განმარტებით, ერთადერთი დროებითი ალტერნატივა შესაძლოა მოხრეშვითი სამუშაოები იყოს, რომელიც სოფელში წყლის სამშენებლო სამუშაოების ტენდერის გამოცხადებამდე განხორციელდება.