პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელს მოაწერს.
„ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ტექსტს ხელს ვაწერ სამი რამის გამო:
1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები;
2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს;
3. არის შანსი, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა.
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა;
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება;
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო;
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე;
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში;
– არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და „ოცნება“ ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ.
რისიც მჯერა, არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა. ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს. ასევე, ჩემი ეს გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე. ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო. მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში. დაბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით – აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. არ მგონია, ბოლომდე გვქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.