კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ ბოლო 1-1.5 წლის განმავლობაში რეფორმები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებში აღარ იყო და ახლა სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების გზას.
“სამწუხაროდ, ბოლო 1-1.5 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეფორმებზე ყურადღებას აღარ ამახვილებს, თუმცა ამჟამად არის დრო, საერთაშორისო საზოგადოებას გაეგზავნოს სიგნალი, რომ საქართველო კვლავ რეფორმების გზაზეა ფოკუსირებული და რომ ამ რეფორმებით მას ქვეყანაში სამუშაო ადილების შექმნა, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეეძლება,” – აღნიშნავს სებასტიან მოლინეუსი.
საქართველოს რეფორმების გატარების ვალდებულება აღებული ჰქონდა ევროკავშირის წინაშეც, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი სასამართლო რეფორმის გატარება იყო, რაც EU-ს მაკრო-ფინანსური დახმარების და ასევე შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, თუმცა მმართველმა პარტიამ 2021 წლის ზაფხულში აღნიშნული შეთანხმება დატოვა, სექტემბერში კი მთავრობამ მაკრო-ფინანსური დახმარების მიღებაზე უარი თქვა. თავად ევროკავშირმა კი განმარტა, რომ საქართველო აღნიშნულ თანხას ისედაც ვერ მიიღებდა, რადგანაც ქვეყანამ სასამართლო რეფორმა არ გაატარა.
მსოფლიო ბანკი ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური რეფორმების გატარებას არაერთი კვლევით ზომავს, მათ შორის იყო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი, რომლიც უკანასკნელად 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებდა, თუმცა წელს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შიდა დარღვევების გამო, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის მომზადება შეჩერდება და ინდექსი აღარ გამოქვეყნდება.