ვიოლა ფონ კრამონი: როცა ვხედავთ, როგორ შორდება ეს ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას, ვერ ვხედავ შემდეგი ნაბიჯის შეთავაზების აზრს

420

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი განმარტავს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ერთ მხარეს არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთპარტნიორობასა და ურთიერთობებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კრამონი თვლის, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივებს შორდება და ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ევროპარლამენტში იმედგაცრუებას იწვევს.

“ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მომხდარზე სტრატეგიულ პარტნიორებს. ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც ამ შეთანხმების ინიციატორია, მაგრამ ყველა მხარემ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და მხოლოდ ერთი მხარის გადასაწყვეტი არაა მათი ხელმოწერების ანულირება, არიან სხვა პარტნიორებიც და მე ყველა მათგანს უნდა დაველაპარაკო, უნდა გავესაუბრო რამდენიმე ჯგუფს. სწორედ ამიტომ მივდივარ მერიოტში და ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ შუადღისას გავმართავ.

ჩემი აზრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუდან გამომდინარე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ის საუბრობს იმის შესახებ, რომ უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ერთად კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ როგორ შორდება ეს ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას, როგორ იღებენ აქ გადაწყვეტილებებს, ვერ ვხედავ შემდეგი ნაბიჯის შეთავაზების აზრს, ახლა ჩვენ ყველა ძალზედ იმედგაცრუებულები ვართ”, — ამბობს ვიოლა ფონ კრამონი [ფორმულას თარგმანი].

ქართულმა ოცნებამ, 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.