ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ქართული ოცნების” მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება და ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების გარდა ის სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.
მიშელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
“ყურადღებას ვამახვილებ ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს სთავაზობს ევროპულ გზას, ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ.
ასევე ყურადღებას ვამახვილებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ აწერს.
მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილებს და ზრდას – ყველაფერი, რაც საჭიროა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
სიღრმისეული საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას ვერ ვხედავ.
მოვუწოდებ ყველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.
საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ განმეხილა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.