ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის ინიციატივით, შპს „აის“-ის ახალქალაქის ჰესი-1 და ახალქალაქის ჰესი-2-ის პროექტის მენეჯერ ლაშა მგელაძესთან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერ ნინო თევდორაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, მერიის წარმომადგენლები, ახალქალაქის სერვის-ცენტრის წარმომადგენელი აღვან აბაჯიანი და საკრებულოს დეპუტატები.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად წამოჭრილი პრობლემური საკითხები, კერძოდ, ხეების მოჭრა, მშენებლობის შედეგად დაზიანებული და გაუვალი გზები და ა.შ.
საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, რადგან ყოველწლიურად აპრილში მუნიციპალიტეტში გამწვანების მიზნით ტარდება ხეების დარგვა, წელსაც, დაგეგმილ ადგილებში ერთობლივი გამწვანების ჩასატარებლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას დაემატოს 200 ფიჭვის, 20 ნაძვის ხისა და 50 ე.წ. სამოთხის ფიჭვის /ტუა/ნერგები.
როგორც ახალქალაქის საკრებულოში აცხადებენ, ჰესების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მშენებლობით გამოწვეული ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დროულად შესრულდება. მშენებლობით დაზიანებული ხეების ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ხელახალი გამწვანება, რომელიც მალე დაიწყება. გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფენ ზემოხსენებული დამატებითი ნერგების ჩამოტანას ერთობლივი გამწვანების მიზნით.