ახალციხეში ყოფილი სამხედრო დასახლების ნაწილი აუქციონზე იყიდება

722

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახალციხეში, ე.წ სამხედრო დასახლებაში 20 ათას კვ.მ მიწას მასზე განთავსებული შენობებიანად უპირობო აუქციონის წესით, 1 333 000 ლარად ყიდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხეში, რუსთაველის ქ. N124-ის მიმდებარედ, აღნიშნული ტერიტორიის გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობა 6 წლის განმავლობაში ითხოვდა, საბოლოოდ 2019 წელს ახალციხის მერიას ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი, 38 ათასი კვ.მ გადაეცა, სადაც საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრისა და კულტურის სახლის აშენება იგეგმება, მათ შორის საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

სახელმწიფო ქონების სააგენტომ აღნიშნული ქონება აუქციონზე მიმდინარე წლის 30 მარტს გაიტანა. გამოუჩნდება თუ არა ტერიტორიას ახალი მფლობელი 13 აპრილს გახდება ცნობილი. ახალციხეში, ყოფილ სამხედრო დასახლებას ჯამში 20 ჰექტრამდე ტერიტორია უკავია.