სამცხე-ჯავახეთში 19 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

503

სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათავლიერეს.

„მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. წელს სამცხე-ჯავახეთში 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ყველა ის მასშტაბური პროექტი, რომელიც დაიგეგმა წარმატებით დასრულდება. მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს მათ შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია და მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას. ყველა პროექტი მორგებულია რეგიონის საჭიროებებს“,-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტბასთან მისასვლელი გზა, პარკინგი, სპორტული მოედნები, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი რეკრეაციული ზონა ახალციხელებისა თუ ჩამოსული სტუმრებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1.8 მილიონი ლარით ფინანსდება.