შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს

401

საოკუპაციო ხაზის ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს. სოფელ ნიქოზის ამბულატორიას რამდენიმე სამედიცინო კაბინეტისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურა გადაეცა.

პროექტი იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, სოფელი ნიქოზის ამბულატორიას 64,643 ამერიკული დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა, რომლითაც ყველა საჭირო გამოკვლევის სიღრმისეულად ჩატარებაა შესაძლებელი.

სამედიცინო აღჭურვილობა ყველა შესაბამისი რეგულაციის დაცვით უკვე ფუნქციონირებს და სრული დატვირთვით ემსახურება მოსახლეობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში.

გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 200-მდე პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

შიდა ქართლში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა. იმამურა აკირა ნიქოზში გამყოფ ხაზთან გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, სამინისტროებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობე გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის და ერთ-ერთი გრძელი საოკუპაციო ხაზია. ბორდერიზაციის პროცესი აქ 2012 წელს დაიწყო და საოკუპაციო ხაზის სიგრძე 17 კილომეტრია.