ნუგზარ გოლუბიანი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებულია. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაშუკეთში სამაცივრე მეურნეობის გახსნას აპირებს, საკუთარ ბაღებში მოყვანილი ჟოლოს შესანახად. თანამედროვე შოკური გაყინვის მეთოდით შენახული ეს პროდუქტი სტრუქტურას არ იცვლის. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
რამდენიმე წლის წინ ნუგზარ გოლუბიანმა პროგრამის „დანერგე მომავალი“ მეშვეობით, თავის ძმასთან ერთად, 0,5 ჰექტარზე ჟოლო გააშენა. წელს პირველ მოსავალს ელოდებიან. ჟოლო მალფუჭებადი პროდუქტია და აუცილებელია მისი მაცივარში განთავსება.
„წელს პირველად, სამი ტონა ჟოლო უნდა მივიღოთ. ჟოლო მალფუჭებადია. 10-10 კგ რომ მოკრიფო და ბაზარში წაიღო გასაყიდად, რთულია. შოკური გაყინვის მეთოდზე ინფორმაცია მოვიძიეთ და გადავწყვიტე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მეცადა ბედი.
თავდაპირველად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. თუმცა, ახლა დავრწმუნდი, რომ ეს პროგრამა რეალურია. გრანტის მოცულობა 30 ათას ლარს შეადგენს. ჩემი თანადაფინანსების თანხა 3700 ლარია.
ეს სამაცივრე წარმოება წლის განმავლობაში მხოლოდ თვე მჭირდება. დანარჩენ პერიოდში სხვებს შევთავაზებთ თავიანთი პროდუქტების განთავსებას. ეს პროექტი დიდი სტიმული იყო ჩემთვის და სხვებსაც ვურჩევ, ჩაერთონ და რეალური სარგებელი მიიღონ.
ნუგზარ გოლუბიანი ამბობს, რომ თუ საქმე კარგად წავიდა, უახლოეს მომავალში გაფართოვდებიან და თავიანთ პროდუქტს ექსპორტზე გაიტანენ.