ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 104,6%-ით, ხოლო ხარჯების – 84,1%-ით შესრულდა

414

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 აპრილს 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 8 260 500 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ სიუჟეტს ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

ბიუჯეტში, წლის განმავლობაში, დაახლოებით 23 ცვლილება შევიდა და საბოლოოდ შემოსავლები 16 102 900 ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 104, 6 %-ით შესრულდა; გეგმის ზევით მობილიზებულია 702 500 ლარი, თუმცა 2019 წელთან შედარებით შემოსავლები შემცირდა. გასულ წელს შემოსავლებმა 16 554,8 ათასი ლარი შეადგინა. შემოსულობების შემცირება ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების კლებითაა განპირობებული.

ბიუჯეტის ხარჯები 2020 წლისათვის, ყველა ცვლილებისა და დამატებების შემდეგ, 20 323 900 ლარით განისაზღვრა. ფაქტობრივად, 17 097,2 ათასი ლარის ხარჯი დაფინანსდა.

ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი 84,1 %-ით შესრულდა. 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ასეთი მაჩვენებელი პანდემიამ გამოიწვია, რადგან დაგეგმილი ხარჯები ვერ გაიწია.

2020 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაციისთვის გათვალისწინებული იყო 11 239,9 ათასი ლარი, ფაქტობრივად გახარჯულია 8 614, 6 ათასი ლარი.

გზების შეკეთებისათვის 8 122,4 ათასი ლარიდან ათვისებულია 5 925, 6 ლარი.

ხიდების რეაბილიტაციაზე გათვალისწინებული 1 430,1 ათასი ლარიდან ათვისებულია 1 270,3 ათასი ლარი.

მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციისთვის დაგეგმილი 155 ათასი ლარიდან დაიხარჯა 24,8 ათასი ლარი.