ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი სამსახურის უფროსის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ეს სამსახურებია: ქონების მართვისა და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ შიდა კონკურსში საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ორმა პირმა გაიარა.
„ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსისთვის გამოცხადებულ ვერც შიდა და ვერც დახურული კონკურსით ვერავინ შეირჩა. ამიტომ ამ თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოვაცხადეთ, – ამბობს კახა გოლუბიანი, – საკონკურსო კომისიაში გასაუბრება ერთმა პირმა გაიარა. კომისიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში კომისია მერს ამ სამსახურის უფროსის კანდიდატურას წარუდგენს. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, კომისიისგან წარდგენილი კანდიდატურა არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა დანიშნოს.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსხურების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე შიდა კონკურსს, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის გამოვაცხადებთ“.