ფოთის მერი: ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია

398

ფოთში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. როგორც ფოთის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მოწყობა და სხვა სამუშაოები.

ფოთის მერიის ინფორმაციით, განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 17 463 626 ლარი იხარჯება.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში, სულ 11 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.