ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხთა შემსწავლელი კომისია, პირველ სხდომაზე შეიკრიბა და ექვსი განცხადების დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუგდიდში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებს ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ წყლის თერაპიას წელს პირველად დაუფინანსებენ.
„ორი ოჯახი ჩაერთო სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვის ყოველთვიურად ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ოთხ ბენეფიციარს აკვათერაპია დაუფინანსდა.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებს ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ წყლის თერაპიას წელს პირველად უფინანსებს. სერვისით 18 წლამდე ასაკის, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ოცი ბავშვი ისარგებლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.