შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში, სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის ალტერნატიული ჯგუფი ამოქმედდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ და შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ გახსნეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, სოფლის საჯარო სკოლაში საუკეთესო პირობებია შექმნილი ჯგუფის გამართული ფუნქციონირებისა და სააღმზრდელო პროცესისთვის, დაცულია სამედიცინო პროტოკოლი. შუახევში დღეისათვის 9 ალტერნატიული ჯგუფი და 13 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ფრიდონ ფუტკარაძე და ომარ ტაკიძე დღესვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის, მახალაკიძეებისა და დარჩიძეებში გამართულ სასოფლო კრებებს დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან პროგრამისა და მასში სოფლის თითოეული მცხოვრების ჩართულობის მნიშვნელობაზე, პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. პრიორიტეტი კენჭისყრის შედეგად განისაზღვრა – სამივე სოფლის მოსახლეობამ გარე განათების მოწყობას მიანიჭა უპირატესობა.
როგორც ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნა, წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 628 000 ლარი დაიხარჯება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
დღესვე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის ომში დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახს ესტუმრნენ, სოციალური აქციის ფარგლებში კი, სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები მიუტანეს.