რიჟვაძე: ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება

399

ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ბათუმის #16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება დროებით სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, სკოლის შენობის მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი სკოლის ასაშებელად უახლოეს პერიოდში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

„ბათუმის N16 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი გადასულიყო დისტანციურ რეჟიმზე. სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში. ბათუმის მეთექვსმეტე სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. გაიცა შესაბამისი დავალებები, რომ უწყებებმა მათ შორის აჭარის განათლების სამინისტრომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს N6 სკოლის დამატებითი კორპუსის და ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაიწყება ბათუმის N15 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.