რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

390

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეზობელი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.