ხუნევის სკოლასთან ოპტიმიზირებული გედსამანიის სკოლის თანამშრომლები მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამ პრობლემას ისინი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინაშე 2018 წლის შემდეგ აყენებენ, – რაც ამ სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ გედსამანიის სკოლას დამოუკიდებელი სკოლის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს. ამისთვის სკოლამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს, რისთვისაც, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ის ამბობს, რომ გედსამანიის სკოლისთვის დამოუკიდებელი სტატუსის აღდგენის საკითხს განათლების სამინისტროში მხოლოდ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ დააყენებს.
„წელს რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი გედსამანიის სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯერჯერობით, სკოლების სარეაბილიტაციო თანხა ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში არ ჩარიცხულა. ამ საკითხის მოსაგვარებლად განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე დაგვპირდა“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
რამდენადაა ჩართული ამ პრობლემის გადაჭრაში, როგორ, რა ფორმით და რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
– ამ საკითხის მოგვარებაში ჩართული ვარ საკრებულოსთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, რესურსცენტრთან ერთად, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – 2024 წლამდე სასწავლო დაწესებულებას, თუ ახალი არ აშენდა ან არ გაიყო, ავტორიზაცია არ მოეთხოვება. გედსამანიის სკოლამ დამოუკიდებელი სტატუსი უნდა აღიდგინოს, რისთვისაც ავტორიზაცია უნდა გაიაროს. ამჟამად გედსამანიის სკოლის ინფრასტრუქტურა ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ, რომ უფრო ცუდი შედეგი არ მივიღოთ.