სეისმური მონიტორინგის ცენტრი: ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის დროებით გადაყვანა

452

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილშია აღნიშნული, ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს. ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა.

„გოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია.

მეწყერის გამომწვევი მიზეზებია: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები (ფერდის დატვირთვა)

მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.

მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.

მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება. (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა)

მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად.

ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.

ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა“,- აღნიშნულია ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილში.