მარნეულის მერია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრაძალვას გეგმავს. თვითდასაქმებულებს კუსტარულად მოწყობილი დახლები გაფრთხილების შესაბამისად, დღეს, 29 მარტს უნდა დაეშალათ, თუმცა ვაჭრობა, ფაქტობრივად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და მუშაობას რამდენიმე მეტრის მოშორებით გააგრძელებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც რადიო მარნეულს, ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს, გარემოვაჭრეებთან დღეს კიდევ ერთხელ იყო მისული ზედამხედველობის სამსახური, რომლებმაც თვითდასაქმებულებს ალტერნატიული გზა, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლა და გარკვეული დროით შეღავათიანი გადახდის პირობით სარგებლობა შესთავაზეს. საუბარია მარნეულის აგრარულ ბაზარზე, რომელსაც ელგუჯა ხარშილაძე ხელმძღვანელობს.
სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ მერიის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცის ელგუჯა ხარშილაძე. გვეუბნება, რომ გარემოვაჭრეებს მხოლოდ იმ პირობით შეუშვებს ბაზრის ტერიტორიაზე, თუ მერია გარანტიას მისცემს, რომ ისინი, ორი თვის შემდგომ, გარემოვაჭრეები აღარ გახდებიან.
„ეგ გარემოვაჭრეები ყველანი იყვნენ ჩემს ტერტოიაზე, მერე გახდნენ გარემოვაჭრეები. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება. ყოველ წელს ერთი და იმავეს მაკეთებინებენ, შეიყვანეთ, ორი თვე არ გადაახდევინოთ არაფერი, ორო თვის მერე ისევ გარეთ გადიან. რატო უნდა მივიღო. ხომ ჰყავთ გარეთ და ჰყავდეთ ისევ გარეთ (მერიას). მერიამ დამიდოს პირობა, რომ ეს გარემოვაჭრეები, ისევ გარემოვაჭრეები არ გახდებიან, მერე მივიღებ მაგათ. მერიამ დადოს პირობა, რომ თავის მოვალეობას შეასრულებს. არ ასრულებს ეს მერია თავის მოვალეობას არასდროს“ – ამბობს ელგუჯა ხარშილაძე.
მარნეულში გარევაჭრობის აკრძალვის საკითხი დაახლოებით ოთხი წლის წინ, თემურ აბაზოვის მერობის პერიოდში გააქტიურდა. იყო რამდენიმე მცდელობა პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა დროებით დალუქული დახლები მომხმარებლებს მალევე იღებდა.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამწკრივებული დახლები, ყველით მოვაჭრეები და ანტისანიტარია ახალი პრობლემა არაა. რძის პროდუქტები სიცხეში, ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება. პროდუქტს უამრავი ბუზი ეხვევა, თუმცა მოვაჭრეებისთვს ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მყიდველის მისვლის დროს მწერებს ხელის აქნევით იშორებენ.