მარნეული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ასაკრძალად მერიამ მოვაჭრეებს გაფრთხილება მისცა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თვითდასაქმებულებს, დახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. გარემოვაჭრეებს ტერიიტორიის დასატოვებლად დრო 29 მარტამდე მისცეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
“რა უნდა ვქნა, არ ვიცი. ბანკის ვალი მაქვს, თუ არ ვიმუშავე საიდან ვიშოვო ფული. ორი ბანკში მაქვს ვალი. შვიდ ადამიანს ვინახავ. სხვა ადგლი არ მაქვს. დღეში 20 ლარს ვშოულობ,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
შეიძლება ითქვას, რომ თვითდასაქმებულები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას დაწესებული გადასახადები გამო ერიდებიან.
როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები მათ გაფრთხილებას არ დაემორჩილებიან, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავენ.
მარნეულში გარევაჭრობის აკრძალვის საკითხი დაახლოებით ოთხი წლის წინ, თემურ აბაზოვის მერობის პერიოდში გააქტიურდა. იყო რამდენიმე მცდელობა პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა დროებით დალუქული დახლები მომხმარებლებს მალევე იღებდა.
იგივე სიტუაციაა დღესაც. მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამწკრივებული დახლები, ყველით მოვაჭრეები და ანტისანიტარია ახალი პრობლემა არაა. რძის პროდუქტები სიცხეში, ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება. პროდუქტს უამრავი ბუზი ეხვევა, თუმცა მოვაჭრეებისთვს ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მყიდველის მისვლის დროს მწერებს ხელის აქნევით იშორებენ.