მარნეულის მერიამ ექიმებისთვის კონცერტის გამართვა გადაიფიქრა

757

წინა სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის საერათაშორისო დღეს, მარნეულში მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის კონცერტის გამართვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მერიის მიერ ღონისძიების დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს წევრმა და ევროპული საქართველოს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ახმედ იმამკულიევმა გაავრცელა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, კონცერტის მომსახურეობის შესასყიდად გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმებაც გამოაქვეყნა. შეთანხმების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა “ქუჩის მუსიკოსების” სერვისის შესაძენად 15 000 ლარის გადახდას აპირებდა.

“როგორც მოგეხსენებათ გასული წლის ბოლოს მსოფლიოში გავრცელდა „კოვიდ 19“-ის სახელით ცნობილი ვირუსი. პანდემიამ საქართველოც მოიცვა. ქართველი ექიმები დღემდე თავდაუზოგავად ებრძვიან უხილავ მტერს. თითქმის ერთი წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული მედიკოსები მედგრად დგანან მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე. საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დღე და ღამ ზრუნავენ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. მართლაც რომ უსაზღვროა მათი გმირობა და თავდადება. ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეს. ამა წლის 6 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა საპატივსაცემოდ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით, გვსურს გავმართოთ დაახლოებით 90 წუთიანი ღონისძიება, პოპულარულ ანსამბლ „ქუჩის მუსიკოსების“ მონაწილეობით,რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გია ბაღაშვილი.„ქუჩის მუსიკოსები“ფართო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობებითა და მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული. მათი იუმორისტული და მუსიკალური ნომრები დიდი აღიარებით სარგებლობენ ფართო მსმენელთა წრეებში”, – აღნიშნულია მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვების კეთილდღეობისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანლის გიორგი მეურმიშვილის მიერ მერის მოვალეობის შემსრულებლისათვის გაგზავნილ მოხსენებით ბარათში

რადიო მარნეულს დღეს, 29 მარტს, მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ 7 აპრილს მარნეულელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისათვის არანაირი სახის ღონისძიება არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მერიამ გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმება უკან გაიხმო.