მთაწმინდის რაიონში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა საკმაოდ დატვირთულია. შესაბამისად, მოქალაქეებს ამორტიზებული გრუნტის გზა გადაადგილებაში უშლიდა ხელს. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პრობლემის წინაშე არცერთი ქუჩის მცხოვრებელი არ დადგეს და შევუქმნათ მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.