ფლანგვის დეტექტორი: თბილისის მერიის მიღებულ გენგემაში მაჭავარიანის ქუჩის ზონა მეწყერსაშიშია, მაგრამ გზის მშენებლობა მაინც დაიწყო

703

თბილისის მერიას თითქმის 5 წელი და 2.8 მილიონი დასჭირდა გენგეგმის შესამუშავებლად, რომლის მიხედვითაც თბილისი გეოსაშიშროების მქონე ზონებად დარაიონდა. მაჭავარიანის გზა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც მეწყერის საშიშროება არსებობს, მაღალი და საშუალო გეოსაშიშროების მქონე ზონებია, რაც მერიამ გზის მშენებლობის დაწყებამდე იცოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

მაჭავარიანის გზის სამშენებლო სამუშაოებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე გიორგი კალანდაძე 2017 წელს დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორი იყო, ხოლო დირექტორის ოჯახის წევრები “ქართული ოცნების” შემწირველები არიან.

ბლექ სი გრუპმა 2011-2020 წლებში 490 მილიონილარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) ისტორია 2015 წლის 21 მაისს დაიწყო. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალური გეგმა 2019 წლის მარტში დაამტკიცა. შესაბამისად გენგეგმის შემუშავება/დამტკიცებას თითქმის 5 წელი და 2,850,000 ლარი დაჭირდა.

“თბილისის გარემოსდაცვითი 2015-2020 წლის სტრატეგიის მიხედვით, სტიქიური ეგზოგეოლოგიური პროცესების განვითარების მაღალი რისკის ზონაშია მოქცეული საქართველოს საავტომობილო გზების თითქმის 30%. მათ შორის მეწყრული პროცესებით დეფორმირებული და მწყობრიდან გამოსულია თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აღნიშნული ზონის მიმდებარედ მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა,” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული გზის მშენებლობის ტენდერში (NAთ190009097) სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა ბლექ სი გრუპმა. თბილისის მერიასა და შპს კომპანია ბლექ სი გრუპს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულებად კი 15 მლნ ლარი განისაზღვრა.

ხელშეკრულების თანახმად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულებიდან ასევე ვიგებთ იმასაც, რომ პროექტი ორ ნაწილად დაიყო, პირველ ეტაპზე კომპანია ვალდებული იყო წარედგინა საპროექტო დოკუმენტაცია და თუკი შემსყიდველი დააკმაყოფილებდა წარდგენილ პროექტს, შემდეგ დაიწყებოდა მშენებლობა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ” გასცა დადებითი დასკვნები კომპანიის პროექტთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაიწყო გზის სამშენებლო სამუშაოები.

“აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან პროექტირებისა და გეოლოგიური კვლევების ეტაპზე გამოიკვეთა გაუთვალისწინებელი გარემოებები, ხელშეკრულების ღირებულება 16,478,362 ლარამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემსრულებელ კომპანიას დღევანდელი მონაცემებით უკვე მიღებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 73% ანუ 11,952,646 ლარი, საიდანაც 4,5 მლნ ლარი მან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ავანსის სახით მიიღო.

რაც შეეხება თბილისის მერიის მეორე ელექტრონულ ტენდერს, 2020 წლის ივლისში თბილისის მერიამ გამოცხადა ელ.ტენდერი, რომელიც კვლავ მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირებს შეეხებოდა, თუმცა, ამჯერად ტენდერი ითვალისწინებდა მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოების შესყიდვას, რომელიც 3 წელში უნდა დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9,802,735 ლარს შეადგენდა.

აღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – შპს კომპანია ბლექ სი გრუპი იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად 2020 წლის სექტემბერში ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულებად 9,802,714 ლარი განისაზღვრა. მოგვიანებით, კომპანიამ წარმოადგინა საპროექტო დოკუმენტაცია და გარკვეული გარემოებების გამო ხელშეკრულების ღირებულება 9,469,089 ლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ამ თანხის 74%, ანუ 7,039,757 ლარი უკვე მიღებული აქვს,”- წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბლექ სი გრუპმა 2011-2020 წლებში 489,994,921 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორის თანამდებობას ამირან მამუჭაძე იკავებს, ხოლო წილს შპს ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე ინაწილებენ: ბლექ სი როუდი 75%-იან წილს ფლობს, ხოლო გიორგი კალანდაძე-25%-ს. კომპანიას ასევე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც სამი წევრისგან შედგება, საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდაძეა, ხოლო წევრები ამირან მამუჭაძე და მარიამ მშვიდობაძე.

“მართალია, ამირან მამუჭაძე უშუალოდ არ უკავშირდება მმართველ პარტიას, თუმცა მისი ოჯახის წევრები ქართული ოცნების შემომწირველები არიან: მაგალითად, ამირან მამუჭაძის ძმამ, ნუგზარ მამუჭაძემ 2016 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შეწირა, ნუგზარ მამუჭაძე ასევე შპს ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. შემომწირველია ასევე ამირან მამუჭაძის მამა, გურამ მამუჭაძე, რომელმაც 2016 წელს ასევე 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას.

რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, პირდაპირი კავშირი კალანდაძესა და ქართულ ოცნებას შორის არ იკვეთება, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კალანდაძე 16 კომპანიაში ფლობს წილს და ხელოვნების ნაციონალური ცენტრის რეგისტრირებული კავშირის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ კომპანიაში, შპს ძველ დედაქალაქში გიორგი კალანდაძე 90%-იან წილს ფლობს, ხოლო დანარჩენი 10% ბექა ოდიშარიას ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი და ბექა ოდიშარიას წილის მმართველი კი თეონა კვინიკაძეა. ბექა ოდიშარიამ 2016-2018 წლებში ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 100,000 ლარი შეწირა.
თავად თბილისის მერიის საიტზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა”.

თბილისის მერმა 19 თებერვალს მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესი მოინახულა. მერის ლაივ ჩართვაში ნათქვამია, რომ გზის მშენებლობა მიმდინარეობდს მეწყერსაშიშ ზონაში, თუმცა საფრთხეების აღმოსაფხვრელად დამატებითი ღონისძიებები განხორციელდა, რაც გარანტირებულად იძლევა გრძელვადიანი ექსპლოატაციის შესაძლებლობას.
მიუხედავად გენგეგმის არსებობისა, რომლის თანახმადაც წინასწარ ცნობილი იყო ქალაქ თბილისის მერიისათვის გეოსაშიშროებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეები, მერიამ 15,000,000 ღირებულების გზის მშენებლობა დაიწყო მეწყერსაშიშ ზონასთან,”- წერს “ფლანგვის დეტექტორი”.