ბათუმში ბაგრატიონისა და გოგოლის ქუჩები წლებია ავარიულია

848

ავარიული ქუჩები ბათუმისთვის უცხო ხილი არ არის, თუმცა, დღეს გოგოლისა და ბაგრატიონის ქუჩები იმდენად ამორტიზებულია, რომ გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. იმის გამო, რომ მძღოლების უმრავლესობა შემოვლითი გზებით სარგებლობას ამჯობინებს, ისედაც გადატვირთულ ქუჩებში, საცობები კიდევ უფრო მეტად იქმნება. ამას თან, ავარიული შემთხვევებიც ემატება. შედის თუ არა ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმის მერიის გეგმებში, თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ორმოები, დაზიანებული ფილები, ამორტიზებული ლიანდაგი – ეს მდიდარი ჩამონათვალი, ბათუმში, გოგოლის ქუჩის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. მსგავსი პრობლემა, ქალაქის განაპირა და ცენტრალურ ნაწილში, ბევრ, ქუჩას აერთიანებს. სატრანზიტო გზის, ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ასე გამოიყურება.

ამ ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილება სახიფათო რომაა, ამას მძღოლებიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ ამორტიზებული გზის გამო, ხშირად საავარიო სიტუაციები იქმნება.

გოგოლის ქუჩის იდენტური მდგომარეობაა ბაგრატიონზე. მძღოლები აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების ალტერნატივად, შემოვლით ქუჩებს ირჩევენ, რაც, ხშირად, საცობების მაპროვოცირებელი ხდება.

ქალაქში ინფრასტრუქტურა, რომ გაუმართავია ბათუმის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპოუტატიც ადასტურებს. არჩილ მამულაძის თქმით, იგი სხდომებზე  ქალაქის პრობლემებს, ხშირად განიხილავს. მამულაძის თქმით, მმართველი გუნდი მის შენიშვნებს ისმენს, თუმცა, არ რეაგირებს.

„ქართული ოცნების“  საკრებულოს დეპუტატის თქმით კი, წარმომადგენლობითმა ორგანომ არსებულ ხარვეზებზე იმსჯელა. ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ  სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება და რეაბილიტაციის პროცედურები მალე დაიწყება.

როდის დაიწყება კონკრეტული სამუშაოები? ბათუმის მერიაში კითხვებზე, მხოლოდ, წერილობით გვიპასუხეს. პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მიზეზად, ისევ და ისევ, დაუსრულებელ ტენდერებს გვისახელებენ.