სენაკში მერიის ა(ა)იპის ყოფილი თანამშრომელი, მზია გადელია მერს და მაჟორიტარ დეპუტატს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2012 წლიდან “ქართული ოცნების” კოორდინატორი იყო, თუმცა დაახლოებით 3 წელია ხელისუფლებას საჯაროდ აკრიტიკებს და ოპოზიციის აქციებში მონაწილეობს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გადელია აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ “ოცნებისთვის” ხმების მოგროვება 2020 წელსაც მოსთხოვეს, რაზეც უარი მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.
“4 წელია მდევნის ლევან კუპრეიშვილი და ირაკლი ბერაია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ და საერთოდ ქართული ოცნების მიმართ ვაფიქსირებ პოზიციას განსხვავებულს, ცუდს რომ ვამბობ, ამის გამო გამომეკიდა ეს ხალხი. მივმართავ უკიდურეს ზომებს, დავდგამ კარავს, ვიშიმშილებ, დავწვები, არ დაგნებდებით ბატონო ბიძინა”, – თქვა მზია გადელიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა კუჭავა ამბობს, რომ მზია გადელიას გათავისუფლების მიზეზები სასაცილოა და გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღეს.