„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ ჩაიტარებდა.
კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 53 % აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, 12 %-მა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.
გარდა ამისა, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს არ ენდობა. 20 % ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიას. 10 % განმარტავს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო ვერ აიცრება. გამოკითხულთა მხოლოდ 5 % ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია.
ამასთან, ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).
მოქალაქეები კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.