ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ფაქტობრივი გარემოება 1: ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრს 2018-2019 წლებში სუბსიდიის სახით 617.2 ათასი ლარი აქვს მიღებული, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია 442.7 ათასი ლარი (72%).
“დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2019 წლებში შეადგენდა 50-50 ერთეულს. ა(ა)იპ-ის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სხვადასხვა სპორტული წრისა და ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულების მართვა. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ რიგი თანამდებობები იდენტური ფუნქცია-მოვალეობების მატარებელია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
შესაბამისად, აუდიტის ცნობით, არსებობს რისკი, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი საშტატო ერთეულების რაოდენობა, მაგალითად:
- დირექტორის 2 მოადგილის ძირითადი მოვალეობაა ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობა და ღონისძიებების მონიტორინგი. ამასთანავე, ა(ა)იპ-ში საშტატო განრიგით განსაზღვრულია სპორტული ღონისძიებების კოორდინატორის თანამდებობა.
- განსაზღვრულია მწვრთნელების კურატორის 2 საშტატო ერთეული, რომელთა მოვალეობას წარმოადგენს სამწვრთნელო პროცესის დაკვირვება და კონტროლი. ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს მწვრთნელებისა და სპორტული სექციების მონიტორინგის სპეციალისტი.
- ახალგაზრდობის სამსახურში დასაქმებულია 5 სპეციალისტი, რომელთა მოვალეობები ერთმანეთის მსგავსია. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ძირითად საქმიანობას ახორციელებს 2 თანამშრომელი, ხოლო დანარჩენი 3 სპეციალისტის მოვალეობაა მთავარი სპეციალისტის დახმარება.
“ზემოაღნიშნული გარემოება მიანიშნებს, რომ ა(ა)იპ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრში არ ხორციელდება დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოების, თანამშრომლის დატვირთვის, შტატების მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის გაანალიზება. შედეგად, განსახორციელებელი საქმიანობა დუბლირებულია, რაც იწვევს შრომის ანაზღაურების სახით თანხების არაპროდუქტიულ ხარჯვას”, – წერია ანგარიშში.
ფაქტობრივი გარემოება 2: ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 1,052.7 ათასი ლარი, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441.9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს.
“2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით). კულტურის ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გააჩნია განყოფილებები, რომლებშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. მათი საქმიანობის შესწავლით და ობიექტების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ზოგ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შენობა- ნაგებობა, შესაბამისი ინვენტარი, სასწავლო პირობები და სხვ.)”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში კულტურის სახლები არ ფუნქციონირებს, შემოქმედებითი წრეები განლაგებულია ადმინისტრაციული შენობების ცალკეულ ოთახებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტების დათვალიერებისას შესაბამისი მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. შედეგად, აუდიტის ცნობით, არსებობს რისკი, რომ აღნიშნულ ობიექტებში საქმიანობა არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ამ განყოფილებებში შრომის ანაზღაურება გაიცემა როგორც შტატით, ასევე, შტატგარეშედ მიღებულ თანამშრომლებზე.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19 თვე).
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე, მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას. ამასთანავე, საშტატო ერთეულების დატვირთვის გაანალიზებისას განხილულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. გამომდინარე აღნიშნულიდან, სპორტის და კულტურის წრეებში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. შედეგად, ვერ მოხერხდა საშტატო ერთეულების ყოველდღიური დატვირთვის სრულად შესწავლა, თუმცა მიღებული შედეგის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სხვა საშტატო ერთეულებსაც არ გააჩნდეთ ყოველდღიური დატვირთვა.
აუდიტის რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს; მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შტატით დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.