ადიგენის მერიამ სარესტორნო მომსახურებისათვის 45 900 ლარი დახარჯა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი ხარჯების სახით 2018-2019 წლებში 46.1 ათასი ლარი, მათ შორის, 2018 წელს – 20.1 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს – 26.0 ათასი ლარი დახარჯა. აღნიშნული თანხებიდან 45 9 ათასი ლარიკი კვების ობიექტებში ოფიციალური სტუმრების გამასპინძლებაზეა დახარჯული.
“მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური ინფორმაცია მიღებული
სტუმრების რაოდენობისა და ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. თანხები ძირითადად ანაზღაურებულია მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე. ხელშეკრულებებით, ზოგ შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის დასახელება და რაოდენობა, ერთეულის ფასი, მომსახურების ღირებულების გაანგარიშების წესი და სხვა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტაცია, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო
სახსრების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვის ვალდებულებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ხარჯების მიზანშეწონილობის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს დოკუმენტური ინფორმაცია სტუმრების რაოდენობისა და დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ.
“მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევის წესი/ინსტრუქცია, რომელიც დაარეგულირებს ხარჯის გაწევის პროცედურასა და შესადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს”, – წერია აუდიტის დასკვნაში.