აუდიტი: ადიგენის 45 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, მიწოდებული წყლის ხარისხი კი არ მოწმდება

495

ადიგენის 45 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, მიწოდებული წყლის ხარისხი კი არ მოწმდება, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბების – ადიგენისა და აბასთუმნის წყალმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 380.7 ათასი ლარი. თუმცა, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. კერძოდ:

“წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 10 სოფელს წყალი მიეწოდება მუდმივად, ხოლო დანარჩენ 45 სოფელს – გრაფიკით. არსებულ წყლის სისტემებზე მოწყობილი არ არის გამწმენდი ნაგებობები და წყლის დაქლორვის საშუალებები. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს და ასახულია პრიორიტეტების დოკუმენტში, მისი გამოსწორებისათვის სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ცნობით, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი გამოყენებით.

გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტების თანახმად, წყლის სისტემებზე მოვლა-პატრონობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი ევალება ა(ა)იპ − ადიგენის წყალმომარაგებას. თუმცა, აუდიტის ანგარიშში გამოვლინდა, რომ
აღნიშნულ ორგანიზაციას შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია, ხოლო საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები არ ითვალისწინებდა აბონენტების გამრიცხველიანებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მოხმარებული წყლის საფასურის ამოღება არ დაუგეგმავს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოსახლეობის წყალმომარაგება რჩება პრობლემურ საკითხად, რომლის მოგვარებისათვის მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ადეკვატური ღონისძიებები და არ გამოუყენებია საკმარისი საბიუჯეტო რესურსები.

აუდიტის რეკომენდაციაა მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით დანერგოს სათანადო კონტროლისმექანიზმები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებასა და წყლის ხარისხის შემოწმებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.