ადიგენის მერიის შიდა აუდიტი ფუნქცია-მოვალეობას არასათანადოდ ასრულებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
„არ არის შესწავლილი ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ არის გამოვლენილი სისტემური ხასიათის რისკები. გამოვლენილ დარღვევებზე გაცემულია ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები და მათზე არ არის შედგენილი და აუდიტის ობიექტისათვის წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული რეკომენდაციები ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის წინაშე არსებული რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.
„შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2018 – 2019 წლებში არასათანადოდ არის მომზადებული საქმიანობის წლიური გეგმები. კერძოდ, მათში არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. 2018 წელს სამსახურს არ აქვს შესრულებული წლიური გეგმა, კერძოდ, გეგმით გათვალისწინებული იყო 6 ა(ა)იპ-ის შემოწმება, საიდანაც შემოწმებულია მხოლოდ 2. ასევე: 2018-2019 წელს არ არის შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმა, ხოლო 2018 წელს არ არის მომზადებული სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
მათივე განმარტებით, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას. ადიგენის აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა.
„მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა განახორციელოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობი, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას“, – ნათქვამია ანგარიშში.