ადიგენის მერიამ 557 500 ლარის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“აუდიტის მიმდინარეობისას ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. დათვალიერებით გამოვლინდა სულ 557.5 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. კერძოდ, დაზიანებულია ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები მაგალითად:
“2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ბოლაჯურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით − 118.4 ათასი ლარი.10 ხელშეკრულება ითვალისწინებდა შენობის პირველი სართულის
სრულ რეაბილიტაციას და გარე ფასადის შეკეთებას. სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა 2018 წლის თებერვალში. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის11 მიერ გაცემული დადებითი დასკვნების საფუძველზე. ობიექტის ჩაბარების პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჩატარებული სამუშაოების კონტროლის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, რომელმაც დაადასტურა შესრულებული სამუშაოს მოცულობების შესაბამისობა ფორმა №2-ით განსაზღვრულ პარამეტრებთან. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ობიექტის დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ”, – ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებს, როგორც წესი, ამოწმებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი. ამასთანავე, მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა სხვადასხვა საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე.13 მიუხედავად ამისა, დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღების თავიდან აცილება. აუდიტის ობიექტს 2017-2019 წლებში შპს „ქრიზოლითი+“-თან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაზე, ღირებულებით – 547.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დადასტურდა, რომ საზედამხედველო კომპანია არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ:
- 2018 წელს, შპს „არალი“ ასრულებდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: იმერთუბანი-იჯარეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შპს „ქრიზოლით+“-მა წარმოადგინა სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, თუმცა ამავე პერიოდში შპს „არალის“ დირექტორმა წერილობით მიმართა მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას გახშირებული წვიმების გამო დარღვეული აქვს შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
- 2018 წელს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“ ასრულებდა ლელოვანი-ამხერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შპს „ქრიზოლითი+“-მა წარმოადგინა სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ შესრულებულია სამუშაოების 20% და სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აღნიშნული პერიოდისათვის მიმწოდებელს შესრულებული უნდა ჰქონოდა სამუშაოების 80%. შესაბამისად, შპს „ქრიზოლითი+“-ს საზედამხედველო მომსახურება არაჯეროვნად აქვს შესრულებული.
“ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა საზედამხედველო კომპანია დააჯარიმა 4.9 ათასი ლარით, რასაც შპს „ქრიზოლითი+“ არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა მუნიციპალიტეტის მოთხოვნა და შპს „ქრიზოლითი+“-ს დაეკისრა საჯარიმო თანხის გადახდა.15 გარდა შესრულებული სამუშაოების კონტროლისა, ზედამხედველ ორგანიზაციას ევალებოდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირება და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში პროექტის მიმწოდებელ ორგანიზაციასთან კონსულტაციების გაწევა”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, შესწავლით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტმა რამდენიმე შემთხვევაში ჩაიბარა ისეთი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებული იყო ხარვეზებით და რომლის გამოვლენის ვალდებულება გააჩნდა ზედამხედველ ორგანიზაციას. მიუხედავად ამისა, შპს „ქრიზოლითი+“-მა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხარვეზების გამოვლენა, რამაც გავლენა იქონია სამუშაოების დასრულების ვადებზე, საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების გამო, მაგალითად:
- სოფელ ვარხანში ამბულატორიის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამორჩენილი იყო იატაკის ხის კონსტრუქციის დემონტაჟი და მდფ-ის კარების მოწყობა;
- სოფელ ბენარის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამორჩენილი იყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და გაბიონი, ხოლო ლითონის მილხიდები ცენტრალური გზის მიმდებარედ არ იყო საჭირო.
“დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების პირობებით მინიჭებული უფლებები ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და საბანკო გარანტიის მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა შპს „ქრიზოლითი+“ ის ზედამხედველობით შესრულებული ისეთი ობიექტები, რომელთა ხარისხი საგარანტიო პერიოდში გაუარესდა და საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს”, – წერია აუდიტში.
გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, მათივე დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. თუმცა, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ ობიექტების მონიტორინგი, რაც მათ საშუალებას მისცემდა გამოეკვლიათ ხარვეზების მიზეზები და მიმწოდებლებისათვის მოეთხოვათ დაზიანებების გამოსწორება.
“აღნიშნული ობიექტებიდან მერიამ წარმოადგინა მხოლოდ სოფელ მლაშეში ამბულატორიის შენობაზე წარმოქმნილი დაზიანების აღმოფხვრის მიზნით მიმწოდებელზე გაგზავნილი წერილი, თუმცა დაზიანებები აღმოფხვრილი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული წუნის მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებით გამოსწორება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, შესრულებული სამუშაოების კონტროლის სისტემა მუნიციპალიტეტში რიგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს, ხოლო საგარანტიო პერიოდში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმი არ ფუნქციონირებს. მერიამ ჩაიბარა 557.5 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
აუიტის რეკომენდაციაა, მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.