ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში, რომელსაც ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ევალება, კომპიუტერების და კულინარიის შემსწავლელი წრეები შესაბამისი ინვენტარის გარეშე ფუნქციონირებენ. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
დოკუმენტის თანახმად, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის სულ დახარჯულია 112.0 ათასი ლარი. ა(ა)იპ − ში შექმნილია 15 სხვადასხვა მიმართულების წრე, მათ შორის, ერთი – კულინარიის და ორი – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები.
აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია კომპიუტერები.
„აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – სამზარეულოს ინვენტარის სახით. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.