ბორჯომის სამუსიკო სკოლის დირექტორად მარინა ქიტიაშვილი დაინიშნა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის უფროსად გაიოზ დვალიშვილი, სასპორტო სკოლას კი ელიზბარ სტეფნაძე უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელები ა(ა)იპ–ების თანამშრომლებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მისმა მოადგილემ სოსო რაზმაძემ წარუდგინეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ელიზბარ სტეფნაძე 2014-2020 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, 2010-2013 წლებში იყო გამგებლის მოადგილე, 2001-2009 წლებში კი საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა.
რაც შეეხება ბორჯომის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელს, მარინა ქიტიაშვილს, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ბორჯომის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგად. 2012 წლიდან სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლ “ოქტავას” მუსიკალური ხელმძღვანელია.
რაც შეეხება, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს გაიოზ დვალიშვილს, 2014-2015 წლებში იყო ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ ბორჯომის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მოგვიანებით ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
ბორჯომის მერიის ა(ა)იპ-ების ახალი ხელმძღვანელები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგნენ.