საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ყოფილი საერთო საცხოვრებლის კორპუსებში მცხოვრები დევნილები, წლებია, კუთვნილი ფართების დაკანონებას ითხოვენ, თუმცა, პროცესი დღემდე ჭიანურდებოდა.
მინისტრის მოადგილეებმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა მოისმინეს ადგილობრივი დევნილებისა და კოლეჯის დირექტორის მოსაზრებები, როგორც საცხოვრებელი ფართების დაკანონების, ისე საერთო სარგებლობის ფართების გამიჯვნის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს დროში განიხილავენ საერთო სარგებლობის ფართების გამიჯვნის საკითხს, რის შემდეგაც, მალევე დაიწყება დევნილების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცედურები.