ქობულეთის მერი: ე.წ. ქობულეთის კლასტერს ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 შემთხვევა უკავშირდება

589

წინა სტატია

საგანგებო რეჟიმი შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერს ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 შემთხვევა უკავშირდება. მისივე განცხადებით, კოვიდ19-ის ინფექციის მქონე პირებთან კონტაქტების რიცხვი 370-მდეა გაზრდილი.

„საგანგებო რეჟიმი შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. ორი ძირითადი პოსტია სოფელ გვარასა და ლეღვარში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალები მორიგეობენ, ასევე ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალქეებს კონსულტაციასა და დახმარებას უწევენ. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ 5-ით გაიზარდა, საერთო ჯამში სულ 25 ინფიცირებული გვყავს, მათგან 2 ბათუმის ზონიდანაა, თუმცა, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. არცერთი შემთხვევა ე.წ. გარე შემთხვევას არ უკავშირდება, ყველა მათგანი იმ კონტაქტების პირთა წრიდანაა, რომლებზეც დაწესებული იყო სპეციალური მეთვალყურეობა. შესაბამისად, კონტაქტების მოძიება გრძელდება. დაახლოებით, 370-მდე არის გაზრდილი სავარაუდო კონტაქტების რიცხვი. ეს იმის მანიშნებელია, რომ ინტენსიური მუშაობა მიდის. ასევე, სპეციალური დაკვირვების ქვეშ რჩებიან ის ადამიანები, რომელთაც თერმოსკრინინგის შედეგად გამოუვლინდათ გარკვეული სიმპტომატიკა, მაგალითად, 37,5 ტემპერატურა. საკარანტინო წესებს მოსალხეობა ჯერჯერობით ზუსტად იცავს“, – განაცხადა ქათამაძემ.

რამდენიმე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გამოსვლა მხოლოდ პროდუქტის და  მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად შეუძლია. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის  სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 68 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.