საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება

528

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამედიცინო სფეროსა თუ სხვა სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების გადაადგილებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება. იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც დასაქმებული არიან სამედიცინო სფეროსა და ყველა სტრატეგიულ დარგსა თუ საწარმოში, რომელიც ნებადართული იქნება, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ, ან თანამშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით, ან ტაქსებით, რომელიც ასევე დაშვებულია,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, პირადი ავტომობილით და/ან ტაქსით გადაადგილება ნებადართული იქნება 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

„დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსებით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ექნება სპეციალური საშვი,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.